დაანონსებული სუიციდი – დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი – შაქარაშვილის საქმე (19.08.2020)

დაანონსებული სუიციდი გენერალური პროკურატურის წინ და შიმშილობის მეორე დღე მთავარ საგამოძიებო უწყებასთან. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს თავად ბრალდებულიც. თამაზ ხომასურიძე ითხოვს, რომ გახმაურებულის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ბრალდებულები და მოწმეები სიცრუის დეტექტორის საშუალებით შემოწმდნენ.

პროტესტის პარალელურად, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა  დანაშაულის ადგილას არაგვის ხიდთან, დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ადვოკატები შეეცადნენ, 18 ივნისს მცხეთაში განვითარებული მოვლენების სრული სურათი აღედგინათ. საბედისწერო ღამის მოვლენების ინსცენირებაში ადვოკატის მიერ მოწვეული რამდენიმე პირი  მონაწილეობდა.  ექსპერიმენტი, რომელიც  რამდენიმე ეპიზოდს მოიცავდა, ადვოკატების შეფასებით გახმაურებულ საქმეზე პროკურატურის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

ექსპერიმენტის საშუალებით შემოწმდა ფოტოგრაფ  იაკობ ბრეგვაძის მიერ  გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრეგვაძემ, რომელიც საბედისწერო ღამეს თავდამსხმელებს  მიტოვებულ შენობაში ემალებოდა,  არაგვის ხიდთან განვითარებული მოვლენები დაინახა.  ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჩატარებულმა ექსპერიმენტა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ იმ შენობიდან ვინმეს კონკრეტული პირების გადაადგილება დაენახა.

ექსპერიმენტის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გასულ ღამეს ვერ ჩატარდა. ადვოკატები განმარტავენ, რომ მდინარე არაგვის ფერდობთან, სადაც პროკურატურის ვერსიით გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, რთული რელიეფის გამო ვერ ჩავიდნენ. მიუხედავად ამისა, იურისტები ფიქრობენ, რომ ექსპერიმენტის საშუალებით მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა. მათი შეფასებით, შეუძლებელი  იყო “ტოიოტა ქამრის” მგზავრები არაგვის ხიდთან რამდენიმე წუთში ჩასულიყვნენ, ეჩხუბათ, გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ და მანქანაში დაბრუნებულიყვნენ.

არაგვის ხიდთან ჩატარებული   ექსპერიმენტი გახმაურებული საქმის მასალებს დაერთვება. თუმცა მას უნდობლობას უცხადებს დაზარალებული ოჯახი. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმის გარემოებებს შეცვლის.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები