მკაცრი საკარანტინე რეჟიმის მეოთხე დღე სვანეთში. მესტიაში რვაასამდე ტესტის პასუხს ელოდებიან (13.08.2020)

მკაცრი საკარანტინე რეჟიმის მეოთხე დღე სვანეთში. მესტიაში დღეს იმ რვაასამდე ტესტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც ეპიდემიოლოგებმა გუშინ აიღეს. ორი დღის წინ აღებული  ნიმუშებიდან კი COVID-19 მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. შემთხვევა ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები დაწესდა და შესვლა-გასვლა სრულად აკრძალულია. ამ დროისთვის რეგიონში COVID-19-ის სულ 31 შემთხვევა ფიქსირდება. კვლევა ჩაუტარდა 1000-მდე მოქალაქეს. ვიზიტორები კი ტურისტული ზონიდან საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც  მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

დღეს COVID-19-ის სამასამდე ტესტის პასუხს ელოდებიან ყაზბეგშიც, რის შემდეგაც გაირკვევა რეგიონში არსებული ვითარება.  გუშინ კი კორონავირუსი შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელს დაუდასტურდა, საიდანაც შვიდი ლარსის საბაჟო პუნქტის თანამშრომელია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში  საგანგაშო ვითარება არ არის, იდენტიფიცირებულია ყველა კონტაქტი და ამ ეტაპზე მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღების საჭიროება არ დგას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები