მეორე დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს (11.08.2020)

მეორე დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. მათგან  343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში გადაიყვანეს. ადგილზე სპეციალისტთა 12 ჯგუფი მუშაობს. მესტიაში შეიქმნა ლოკალური შტაბიც, რომელსაც მესტიის მერი ხელმძღვანელობს. შტაბში დღეს გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი სოზარ სუბარიც ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ  ამ ეტაპზე მესტიაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილური ვითარებაა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ადგილზე განთავსებულია ბლოკპოსტები და შესვლა-გამოსვლაზე დაწესებულია შეზღუდვები. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ვითარება ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მესტიაში გამოვლენილი 17 ახალი დაინფიცირებულის გამო მიიღო. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. საკოორდინაციო საბჭოს დავალებით სვანეთში უკვე მზად არის 18 სასტუმრო 327 ოთახით, სადაც დამატებით საკარანტინო სივრცეები განთავსდება,  მუნიციპალიტეტში კარანტინის რეჟიმი 28 დღის განმავლობაში იმოქმედებს.