რა დოკუმენტები აჩვენეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს პროკურატურაში – საქმეში FBI ერთვება (06.08.2020)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობიან და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ. მთავარი მოთხოვნის გასაცნობად ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის დედა ამბობს, მათ ირაკლი შოთაძისგან მიიღეს დაპირება, რომ გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთვება და საქმეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ოჯახს დღეს წარუდგინეს დოკუმენტიც, რომ ფედერალური ბიუროს საქმეში ჩართვის თაობაზე მოთხოვნა უკვე გადაგზავნილია. თეონა თამაზაშვილის თქმით, მთავარი პროკურორისგან ასევე მიიღეს ინფორმაცია, რომ გარდა თვითმკვლელობისა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის და თვითმკვლელობის ინსცენირების ვერსიებზეც მუშაობს.

შოთაძესთან შეხვედრამდე კი ბაჩალეიშვილის მშობლები პროკურატურასთან მივიდნენ და შიმშილობის დაწყება დააანონსეს. განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საქმიდან თვითკვლელობის ვერსიის გამორიცხვა მოითხოვეს. თეონა თამაზაშვილს უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გაუჩინარებამდე ბაჩალიაშვილი საკუთარი კომპიუტერით Google-ში  სუიციდის შესახებ ინფორმაციას ეძებდა, კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ გომელაურის უწყება იტყუება. სამინისტროს შუალედური ანგარიშის არც ოჯახის ადვოკატს სჯერა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა, რომლითაც დგინდება, რომ  23 წლის პროგრამისტის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული. თუმცა ამ დასკვნის არ სჯერა გარდაცვლილის დედას. თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ წერილი, რომელიც სამართალდამცველებმა მანქანაში აღმოაჩინეს, მის შვილს სხვებმა თვითკვლელობის ვერსიის გასამყარებლად დააწერინეს.

ბაჩალიაშვილის მშობლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი, თუმცა გიორგი გახარია ამბობს, რომ ოჯახს ის მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.  

თეონა თამაზაშვილმა დღეს უნდობლობა გამოუცხადა ბაჩანა ლობჟანიძესაც.  არ გამორიცხა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შესაძლოა სახლიდან სწორედ ლობჟანიძემ გაიტყუა.  მან შსს-ში ლობჟანიძის “ფსიქიკური პრობლემების საკითხიც” დააყენა.

ბაჩანა ლობჟანიძესთან დაკავშირებით ეჭვები აქვს ჟურნალისტ ელისო კილაძესაც. ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო, რომელიც თავად ლობჟანიძემ გაასაჯაროვა ხელოვნურს ჰგავს. ის ბაჩანა ლობჟანიძეს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულის როლზე დანიშნულს უწოდებს. ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში ბაჩანა ლობჟანიძის ნათესავებთან ერთად გადაღებულ ფოტომასალასაც აქვეყნებს, რომელიც 28 ივლისით თარიღდება. კილაძისთვის საეჭვოა ის ფაქტი, თუ რა ჰქონდა საქეიფო ბაჩალიაშვილის შეყვარებულს მაშინ, როდესაც 23 წლის პროგრამისტი 3 დღის დაკრძალული იყო. ფოტოები უკვე წაშლილია. კილაძე საეჭვოს უწოდებს იმ ფაქტსაც, რომ როდესაც 23 წლის პროგრამისტი 3 დღის განმავლობაში არ გამოჩენილია, მას ერთხელაც არ მოუკითხავს.

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-სთვის დამატებითი ჩვენების სახით ინფორმაციის მისაწოდებლად სამინისტროში თავისი სურვილით დღეს ისევ მივიდა. თუმცა, იმის გამო, რომ შესაბამისი პროცედურა არ ჰქონდა დაცული, ჩვენების მიცემა ვერ მოახერხა. განაცხადა, რომ გამოძიებისთვის კონკრეტული პირის, მიშო იაკობიძის შესახებ სურდა ინფორმაციის მიწოდება.

ბაჩანა ლობჟანიძის facebook გვერდზე 6 ივნისს იძებნება ფოტოები წარწერებით : “აი  ახლა  რას ვაკეთებ ხომ იცი. გ ა წ ვ ა ლ ე “ფ”. მ ა გ რ ა მ ა რ ა უ შ ა ვ ს. თ ა ნ ა ბ რ ა დ ვ ა რ თ.” “ დილა მშვიდობის…და ბოდიში გუშინდელის გამო და მგონია რომ მე გაგათენებინე?ჰოდა…?ისევ გათიშული ვარ?ვერაფერზე ვერ ვფიქრობ?მაგრამ…ცოტა შენზე კი.” – თუმცა ვის უკავშირდება ეს წარწერები ლობჟანიძე არ აკონკრეტებს.  ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილტან ამას კავშირი არ აქვს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თუმცა გუშინ საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა. რომელშიც ნათქვამია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას თვითმკვლელობის გზების შესახებ. უწყების ინფორმაციით ბაჩალიაშვილმა მოიძია მედიკამენტებიც, რომლებიც გარდაცვლილის მანქანაში აღმოჩენილ მედიკამენტებს ემთხვევა.