არჩევნებამდე სამი თვით ადრე საქართველოს მთავრობა სოციალური დახმარების მესამე ტალღას იწყებს (06.08.2020)

არჩევნებამდე სამი თვით ადრე საქართველოს მთავრობა სოციალური დახმარების მესამე ტალღას იწყებს. გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით,  სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლის ჩათვლით მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.  სახელმწიფოსგან დახმარება ერგებათ  სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც. კონკრეტულად,  150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს  სახელმწიფო ერთი სემესტრის,  ხოლო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, მთლიანი სასწავლო წლის საფასურს  აუნაზღაურებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას  ის თვითდასაქმებულებიც მიიღებენ, რომლებმაც თავის დროზე  შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ მოაგროვეს. მოქალაქეებისთვის ზამთრის თვეებში გაგრძელდება კომუნალური მხარდაჭერის პროგრამაც.

კონკრეტულად თუ რა დოკუმენტაცია გახდება საჭირო მოზარდებისთვის კომპენსაციის მისაღებად ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრამ ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დოკუმენტაციის ნუსხა მაქსიმალურად მარტივი იქნება, პორტალი კი სადაც შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  აიტვირთოს, ხელმისაწვდომი მომავალ კვირაში გახდება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ კონკრეტულ ჯგუფებზე თანხების გაცემა 15 სექტემბრამდე დასრულდება. სოციალური დახმარების პაკეტებსა და მნიშვნელობაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მთავრობის მიერ დაანონსებულ სოციალური დახმარების ახალ ტალღას წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს ოპოზიცია.  ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნების წაგების ეშინია და დახმარებების გაცემის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.  მთავრობის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამით არ მოტყუვდნენ და არჩევნებზე გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის მიხედვით მიიღონ.

წინასაარჩევნოდ დაანონსებული დახმარების ბიუჯეტი 485 მილიონ ლარს შეადგენს.  აქედან 280 მილიონი ლარი კომუნალური გადასახადებისთვის, 170 მილიონი ლარი – ბავშვების 200-ლარიანი დახმარებისთვის, 35 მილიონი ლარი კი – სტუდენტებისთვის არის გამოყოფილი. ამ თანხებში არ შედის იმ თვითდასაქმებულების ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტაცია არასრულად წარადგინეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები