გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს. ვერსიებმა და კითხვის ნიშნებმა იმატა – ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში (05.08.2020)

თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გაუჩინარებიდან თითქმის 20 დღის შემდეგ გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიურო ერთვება. ოჯახის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ საგამოძიებო უწყებებმა სპეციალური წერილით ამერიკის მხარეს უკვე მიმართეს. 23 წლის  პროგრამისტის გაუჩინარების საქმეში ახლა სწორედ ამერიკელმა ფედერალებმა უნდა შეამოწმონ კომპიუტერი და დაადგინონ, ინახავდა თუ არა მასში ბაჩალიაშვილი მნიშვნელოვან დოკუმენტებს. სამხარეულის ექსპერტიზის მიერ გუშინ დადებული სადავო დასკვნის შემდეგ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახი მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბორცვაძესაც შეხვდა. 23 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა გამომძიებლებისგან პირობა მიიღეს, რომ ისინი FBI-ს ექსპერტებს საქმეში დროულად ჩართავენ, გამოძიება კი ობიექტური იქნება.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ დღეს კომენტარი საქმის ახალ ფიგურანტზე, ბაჩანა ლობჟანიძეზეც გააკეთა, რომელიც როგორც თავად ამბობს, გარდაცვლილი გოგონას შეყვარებული იყო. ოჯახი არ არის დარწმუნებული, რომ ის მათი შვილის ახლო მეგობარი იყო, ამიტომ ითხოვენ, რომ ბაჩანა ლობჟანიძის კავშირები თამარ ბაჩალიაშვილთან კიდევ უფრო დაზუსტდეს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ლობჟანიძე მათ პირველად  სამძიმრის დღეს ნახეს.

23 წლის პროგრამისტის შეყვარებული საქმის მასალებში უკვე რამდენიმე დღეა ფიგურირებს, თუმცა მან მედიასთან გამოჩენა მხოლოდ ახლა ისურვა. ბაჩანა ლობჟანიძემ პირველივე გამოჩენისთანავე ხმაურიანი განცხადება გააკეთა და საქმეში ჩართული ექსპერტები კომპიუტერიდან საქმის მასალების წაშლაში დაადანაშაულა. კომპიუტერის საეჭვო ექსპერტიზის გარდა, ლობჟანიძე კითხვებს კომპანია “ZAG”-ის მისამართითაც სვამს და გამოძიებას მათი კიდევ უფრო მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ლობჟანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს კიდევ ერთხელ მივა.

ბაჩანა ლობჟანიძე, რომ გამოძიების პროცესში უკვე დიდი ხანია ჩართულია, ადასტურებს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც. ადვოკატის თქმით, ის კომპიუტერის ექსპერტიზის პროცესს ესწრებოდა, თუმცა უფრო ზუსტად რა აკავშირებდა მას თამართან ამას არ ამბობს. დღესვე რამიშვილმა საგამოძიებო უწყებაში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების მასალებს მალე დრონის ჩანაწერებიც დაემატება, თუმცა არის თუ არა ამ კადრებს შორის იმ ადგილის ჩანაწერები, სადაც ცხედარი და ავტომობილი იპოვეს, ეს ჯერ უცნობია.

თამარ  ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა  ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში გარდაცვლილი  იპოვა.  ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობდა. მოგვიანებით კი  პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. ოჯახი ახლა  საქმეში FBI-ის სპეციალისტების ჩართვას ელოდება, რომლებმაც უნდა დაადგინოს რა ინახებოდა კომპიუტერში და არის თუ არა რაიმე საეჭვო კვალი ავტომობილზე.