თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნა და ულტიმატუმი ხელისუფლებას – აქცია აშშ-ის საელჩოსთან (04.08.2020)

13 დღე თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალებიდან და კვლავ პასუხგაუცემელი მთავარი კითხვა – რა მოუვიდა 23 წლის პროგრამისტს. ოჯახი, რომელმაც ამ და სხვა კითხვებზე გამოძიებისგან პასუხები ვერ მიიღო, აქციებს იწყებს და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. სწორედ ამ მოთხვონით დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ამერიკის სალეჩოსთან აქცია გამართეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – ან საქმეში FBI-ის სპეციალისტები ჩაერთვებიან ან  ამერიკის საელჩოსთან შიმშილობას დაიწყებენ. აქციის დასრულების შემდეგ ოჯახი საქართველოში ამერიკის ელჩის წარმომადგენელს შეხვდა და მათი მოთხოვნები გააცნო. ბაჩალიაშვილის ოჯახმა ელჩისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, თუმცა უთხრეს, რომ FBI-ის ჩართვისთვის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიმართვაა აუცილებელი.

ბაჩალიაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილი ისეთ ინფორმაციას შეეწირა, რისი გასაჯაროვებაც კონკრეტულ პირებს არ აწყობდათ. გარდაცვლილი გოგონას მშობლები ფიქრობენ, რომ საქმეში 3 მაღალჩინოსნის სახელი ფიგურირებს, თუმცა ვინ არიან ისინი, მათ ამაზე საუბარი უჭირთ. ოჯახი დარწმუნებეულია, რომ მათი შვილის კომპიუტერზე და ავტომობილზე ჩატარებული ობიექტური ექსპერტიზის შედეგები ყველა კითხვას გასცემს პასუხს, თუმცა არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ამ საქმეზე სიმართლეს დაადგენს.

ოჯახის ადვოკატის ცნობით კი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ნივთებზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ვერცერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვერ გამოვლინდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ მიხეილ რამიშვილს მხოლოდ ის უთხრეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერში ფოტოებისა და ვიდეოების გარდა, სხვა საყურადღებო ფაილი არ აღმოჩნდა. ადვოკატი ამ დასკვნის გაცნობის შემდეგ საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

ამერიკის საელჩოსთან დღეს გამართულ აქციაზე იმ კომპანიის წარმომადგენელიც გამოჩნდა, რომლის მისამართითაც ბოლო პერიოდში უამრავი კითხვა დაისვა. კომპანია “ZAG”-ის იურისტი გამოძიების ირგვლივ კითხვებს სვამს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ქეთევან მირიანაშვილის თქმით, პოლიცია ამ დრომდე კითხავს კომპანიის თანამშრომლებს, ოფისში კი კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნებს სრულად იზიარებს შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დღევანდელ აქციას შეუერთდა და ბაჩალიაშილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა. მოთხოვნებს ეურთდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც ხელისუფლებას გახმაურებული საქმეების ჩაფარცხვაში ადანაშაულებენ და გამოუძიებელ საქმეებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საგამოძიებო უწყებების მხრიდან მომხდარის თვითმკვლელობად გასაღების მცდელობაზე საუბრობენ მეზობლებიც. ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მათთან მისული გამომძიებლები ძირითადად ბაჩალიაშვილის სამედიცინო ისტორიით ინტერესდებიან, რითიც ისინი სუიციდის ვერსიაზე მიანიშნებენ.

ჯერი ახლა საგამოძიებო უწყებაზეა. კრიმინალურმა პოლიციამ უნდა გადაწყვიტოს მიმართავენ თუ არა დასახმარებლად ამერიკის ფედერალურ ბიუროს. სწორედ გამოძიების მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ოჯახი. ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან თითქმის 20 დღის შემდეგ კი საზოგადოება გომელაურის უწყებისგან ახალ ინფორმაციას ელოდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები