კიდევ ერთი საეჭვო გრემოება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში (03.08.2020)

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ჩნდება. ირკვევა რომ 23 წლის გოგო საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ფეხშიშველი იპოვეს. ფეხსაცმელი კი მანქანაში ცალკე იდო. ადვოკატის თქმით ამ და სხვა საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დღეს უნდა გადაწყდეს როდის ჩაუტარდება ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა. რამიშვილი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბაჩალიაშვილი სამ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობდა და შესაძლოა სწორედ ამ მოტივით მოკლეს. მიხეილ რამიშვილი ამ ვერსიას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაციები მასაც აქვს, თუმცა კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები კი უკვე მეორე დღეა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ გამოძიებას უნდობლობას გამოუცხადებენ. ოჯახს სურს რომ გიორგი გახარიასგან პირადად მოისმინონ, რომ 23 წლის აიტი სპეციალისტის საქმე ბოლომდე გამოძიებული იქნება. 23 წლის პროგრამისტი 18 ივლისს გაუჩინარდა. თამარ ბაჩალიაშვილი კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.