ფიქტიური ბრალდება და პოლიტიკური ანგარიშწორება – მწვავე გზავნილები გიორგი რურუას განაჩენზე (31.07.2020)

ფიქტიური ბრალდება და პოლიტიკური ანგარიშწორება –  გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას დასავლეთიდან მწვავე გზავნილები მოჰყვა.  ამერიკის კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი და საგარეო კომიტეტის თავჯდომარე, ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, სასამართლო კი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენეს. ამერიკელი კონგრესმენი თავის განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართავს და სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ვითარების განსამუხტად რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

კონგრესმენი რიში არ ყოფილა ერთადერთი, ვინც გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება გააკრიტიკა და ხელისუფლებას 8 მარტს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. ლიტველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტყილების გამოსწორება ახლა სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, რომელმაც გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. კუბილიუსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაარჩინოს მაიკლ პომპეოსთვის მიცემული პირობა, საარჩევნო პროცესის პოლიტიზირების შეწყვეტის შესახებ.

გიორგი რურუას შეწყალების მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციაში, თუმცა იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზრდება, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთახნმების შესრულებით დასრულდება. დღესვე ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო განცხადებაც გაავრცელა, სადაც ისინი რურუას საქმეში არსებულ დაღვევებზე საუბრობენ და ხელისუფლებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორების უკან “ქართული ოცნების” თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები იკვეთება, ეს კი ქართულ სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება.

“მთავარი არხის” დამფუძნებლისა და ანტისაოკუოპაციო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის დაკავებაში პოლიტიკურ სარჩულს კვლავ ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი იყო და საქმის მიმართ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

რურუას საქმის შეფასებისას დღეს დიპლომატიური სიფრთხილე გამოიჩინა ამერიკის ელჩმა საქართველოში, თუმცა კელი დეგნანი ამბობს, რომ ამერიკას რურუას საქმის მიმართ თავიდანვე უამრავი კითხვა ჰქონდა. დეგნანმა კონგრესიდან ბოლო პერიოდში წამოსულ მწვავე გზავნილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ამ გზავნილებს ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ დროის გასვლასთან ერთად ამერიკისა და ევროპის კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს. გიორგი რურუა კი, რომელსაც სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა ირაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო მიუსაჯა ახლა საპყრობილეშია და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება. შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უგულავას და ოქრუასვილის შემდეგ უკვე გიორგი რურუას  ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები