რაჭაში მეორე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან (30.07.2020)

რაჭაში მეორე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ადგილზე  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მუშაობა დილიდან განაახლა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. სტიქიის ზონაში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი. გიორგი გახარია სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.

საგანგებო შტაბი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, პრობლემური ლოკაციებიდან მოქალაქეები ვერტმფრენების საშუალებით გამოჰყავთ. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან დაახლოებით 150-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. ონსა და რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება უკვე აღდგა.

ძლიერი წვიმა რაჭაში ორი დღის წინ ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და რამდენიმე სოფლის დაზარალება გამოიწვია. წყალმა დატბორა, გზები, ხიდები,  საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სახნავ სათსი მიწები. სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. რა ზარალი მიაყენა სტიქიამ რეგიონს ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ზარალის დასათვლელად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები