თამარ ბაჩალიაშვილის საქმზე გაჩენილ კითხვებზე დღეიდან კრიმინალურ პოლიციას მოუწევს პასუხების გაცემა (30.07.2020)

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დღეიდან  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. საქმე მას შემდეგ გადაიბარეს, რაც ოჯახმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს უნდობლობა გამოუცხადა. ახლა სწორედ ცენტრალური კიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა უნდა გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რაც ამ ბუნდოვანებით მოცული საქმის ირგვლივ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ.

გამოძიების მიმართ კითხვები ბევრი აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატსაც. მიხეილ რამიშვილს აინტერესებს, ხომ არ იყო გამოყენებული გარდაცვლილის კომპიუტერი იმ დღეების განმავლობაში, როცა ახალგაზრდა ქალს მაშველები ეძებდნენ. ის არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან, საქმით დაინტერესებულმა პირებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაშალეს. კომპიუტერი ადვოკატის მოთხონით უკვე დალუქულია. მიხეილ რამიშვილმა ამერიკელ ექსპერტებსაც მიმართა, რომლებმაც უნდა დაადგინონ, ხომ არ იყო კომპიუტერი გახსნილი იმ დროს, როდესაც  ის წესით დალუქული უნდა ყოფილიყო. გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ გარდაცვლილის მშობლები.

თამარ  ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა  ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ის 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა. ავტომობილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და ჩანთა, რომელშიც  გარკვეული მედიკამენტები იდო. ასევე ნაპოვნია საფულე წერილებით, რომლებშიც საუბარია ანაბარზე და თანხაზე.  ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ კი  პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.  ოჯახი ახლა  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოება თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები