გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (30.07.2020)

“მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

სასამართლოს განაჩენს ხმაურით შეხვდნენ გიორგი რურუას ახლობლები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ რურუა უდანაშაულოა და მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით გიორგი რურუა არის პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი, რომელმაც არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები გაითვალისწინა.

მოსმართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ გიორგი რურუას უფლებადამცველები, თუმცა ადვოკატებს არ აქვთ იმედი, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო დამოუკიდებელ და განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადვოკატებიც აცხადებენ რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურია, ვინაიდან მათი თქმით საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რურუას ბრალეულობას ადასტურებს.

“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობის გარეთ რურუას მეგობრები შეიკრიბნენ და პროცესს პოლიტიკური უწოდეს. მათი თქმით რურუას დაკავების დღიდან ნათელი იყო, რომ ივანიშვილის სადამსჯელო სტრუქტურა მსგავს გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

“მთავარი არხის” დამფუძენებლი 18 ნოემბერს დააკავეს. გიორგი რურუას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები