40 დღე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან და კიდევ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა (28.07.2020)

40 დღე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან და კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები. ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახი და მეგობრები პასუხებს ელოდებიან.

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეს საგამოძიებო უწყება პასუხებს მას შემდეგ გასცემს, რაც გაარკვევს, დაკავებული 17 პირიდან ვინ  მონაწილეობდა ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის ნაწილში.  ოჯახი კვლავ “ტოიტა ქამრის” მგზავრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, საბედისწერო ღამეს ახალგაზრდა ფეხბურთელს არაგვის ხიდთან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი დაედევნენ. ოჯახს პრეტენზია აქვს ავტომობილის მძღოლ  ვასილ მახარაძესთანაც. მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, ამ ექვსი პირის მიმართ ბრალის დასამძიმებლად საგამოძიებო უწყებას შესაბამისი მტკიცებულებები  უკვე აქვს.

“ტოიტა ქამრი”-ში მყოფი მორაგბეების ადვოკატები ამ ეტაპზე ბრალის დამძიმების საფუძველს ვერ ხედავენ, ამიტომ მათთვის მირიან ნიკოლაძის განცხადებები მიუღებელია. ბრალდებულთა უფლებადამცველები გახმაურებულ  საქმეზე დანიშნული დამატებითი ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

“ტოიოტა ქამრის” გარდა, საქმეში ფიგურირებს “მერსედესის” მარკის ავტომობილიც, რომელიც პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანს. თუმცა აქვთ თუ არა ამ ავტომობილის მგზავრებს რაიმე სახის შემხებლობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან ისევ დაუდგენელია.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ19 ივნისს გაუჩინარდა.   დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.  თუმცა  მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა,  სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც  დაემატა. თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები