თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს (28.07.2020)

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს.  ადვოკატს სურს, რომ ექსპერტები ახალგაზრდა პროგრამისტის  პირადი კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდნენ. მიხიელ რამიშვილი ფიქრობს, რომ  ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად აუცილებელია პერსონალური კომპიუტერი დროულად გაიხსნას. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ  სახიფათოა  ინფორმაცია არ წაიშალოს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დღეს ქვემო ქართლის პოლიციის იმ მაღალჩინოსანს პასუხობს, რომელმაც ჯერ კიდევ შვილის ცხედრის აღმოჩენამდე უთხრა, რომ  ახალგაზრდა გოგონას პრობლემები ჰქონდა. ეს განცხადება  გუშინ ლადო  ბაჭულაშვილმა საერთოდ უარყო და ჟუნრალისტებს უთხრა, რომ   გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება  არ ჰქონია. ბაჩალიაშვილის მამა  ითხოვს, რომ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამით გამოიკითხა  კომპანია “ZAG”-ის გენერალური დირექტორი.  თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე დაწერა. ახლა საგამოძიებო უწეყებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას კავშირი მის სამსახურებრივ საქმიანობასთან.  ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ  გარდაცვლილის  მშობლებმა შვილის სამსახურთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იცოდნენ, გარდა იმისა რომ ის პროგრამისტი იყო.  მამა იმასაც ამბობდა, რომ  შვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა და ბოლო დროს ის  სახლში აღელვებული  ბრუნდებოდა.  ოჯახი  არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა. ვარაუდების დასასრულებლად, გადაცვლილის ახლობლები საგამოძიებო უწყებისგან, დამატებით და დროულ ინფორმაციას ელოდებიან.

თამარ  ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა  ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ის 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  ავტომობილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და ჩანთა, რომელშიც  გარკვეული მედიკამენტები იდო. ასევე ნაპოვნია საფულე წერილებით, რომლებშიც საუბარია ანაბარზე და თანხაზე.  ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ კი  პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა.  ოჯახი ახლა  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოება თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა.