რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა გახარიამ – რას ნიშნავს ზარი ვაშინგტონიდან (28.07.2020)

“დღეს პრემიერმინისტრ  გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე.” –  ეს არის სტატუსი რომელიც ამერიკის შეერთეული შტატების სახელმწიფო მდივანმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა. მაიკ პომპეოს პოსტიდან და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პრესრელიზიდან ირკვევა, რომ გიორგი გახარიასთან საუბრის მთავარი თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა კონსტიტუციური ცვლილებებით მიღებული ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემა შეაქო და ყურადღება მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. პომპეომ პრემიერ-მინისტრს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელებისკენაც მოუწოდა და გიორგი გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

პომპეო გახარიას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა, თუმცა მასში არაფერი წერია სახელმწიფო მდივნის გაფრთხილების შესახებ. სატალეფონო საუბრის მთავარი თემა – მოახლოებული არჩევნები კი მხოლოდ ინფორმაციის ბოლოშია ნახსენები და ისიც მოკლედ. სამაგიეროდ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციაში წერია, რომ სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს.

არჩევნებამდე 3 თვით ადრე ვაშინგტონიდან განხორციელებული ზარი ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით არის გამაფრთხიელებელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საპარლაემნტო არჩევნების გაყალბებას არ მოითმენს. ოპოზიციის თქმით თუ ოფიციალური ვაშინგტონი არჩევნების დროს გაყალბების ნიშნებს დაინახავს, ამას ხელისუფლებისთვის უმკაცრესი შედეგები მოჰყვება.

ხელისუფლება კი მაიკ პომპეოს საუბრის შინაარსით კმაყოფილია და აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანმა “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გადადგმულ ნაბიჯებს  მაღალი შეფასება მისცა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, როგორც ამას ოპონენტები წარმოაჩენენ. როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, გახარია-პომპეოს საუბრის ფონზე ოპოზიციის სპეკულაციები უფრო სასაცილო ხდება.

25 ივლისს წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად სწორედ მაიკ პომპეომ უნდა განსაზღვროს დგამს თუ არა საქართევლოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ოპოზიციური პარტიების და მედიის უფლებების დაცვის კუთხით და ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით. სწორედ სახელმწიფო მდივნის მიერ მომზადებული ანგარიში გადაწყვეტს შეუმცირდება თუ არა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 135 მილიონიანი დახმარება 15%-ით.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები