შაქარაშვილის საქმე – პროცესი მცხეთის სასამართლოში, ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან (27.07.2020)

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო, რომელმაც დღეს ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა.

სასამართლო დარბაზში დღეს პირველად, ბრალი აღიარა ერთ-ერთმა ბრალდებულმა –   ფეხბურთელმა ირაკლი წაქაძემ, რომელსაც მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან. ამბობს, რომ  ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა რა კუთხით ცნობს თავს დამნაშავედ, ბრალდებულს არ დაუკონკრეტებია.

ადვოკატები  დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. იურისტებს მიაჩნიათ, რომ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საგამოძიებო უწყებამ გახმაურებული საქმის გამოსაძიებლად დამატებითი დრო ითხოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  უფლებადმაცველებმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. როგორც დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები  განმარტავენ, მათ დროულად არ აცნობეს წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან,  არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს მხოლოდ სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელეს.  რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი  პროცესი 31 ივლისს გაიმართება. საქმის პროკურორი განმარტავს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც  მათ ბრალებულების  წინასწარი პატიმრობაში დატოვება მოითხოვეს.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.  თუმცა  მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა,  სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც  დაემატა.   თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები