თამარ ბაჩალიაშვილის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გადაკვალიფიცირდა (24.07.2020)

კიდევ ერთი ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე და პასუხგაუცემელი კითხვები. უკვე ორი დღე გავიდა, რაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში სკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს, თუმცა რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი უცნობია. გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. მათთვის გაურკვეველია, რა მიზეზით შეიძლებოდა თამარ ბაჩალიაშვილს  გაურკვეველი პრეპარატები მიეღო და თვითმკვლელობის მიზნით თეთრიწყაროს ტყეში წასულიყო.

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც და გამოძიებას უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გააგრძელებს.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც გახმაურებული საქმის ირგვლივ არსებობს, საგამოძიებო უწყების ქმედით ნაბიჯებს ეხება. თუ სამართალდამცველები ახალგაზრდა გოგონას 5 დღის განმავლობაში, დრონის საშუალებით ეძებდნენ, რატომ ვერ მიაგნეს სოფელ გოლთეთის ტყეში  და როგორ ვერ შეძლეს ავტომობილის ნახვა 16 წლის მწყემსზე ადრე. დაცვის მხარეს აქვს ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყება გულგრილად მოიქცა ან შესაძლოა მანქანა ვინმემ ტყეში მოგვიანებით მიიყვანა.

პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საგამოძიებო უწყების ცნობით,  ახალგაზრდა გოგონამ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა,  თუმცა არის თუ არა ეს პრეპარატები  მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია. ოჯახის მოთხოვნით საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც. “ემპათია”-ში ამბობენ, რომ  საერთო სურათი დამატებითი ექსპერტიზების შემდეგ გამოიკვეთება.

დასადგენია ისიც, აქვს თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი.  ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გოგონა შპს “ZAG”-დან გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე წამოვიდა.  ირკვევა ისიც, რომ ბაჩალიაშვილის მშობლებმა შვილის სამსახურთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იცოდნენ, გარდა იმისა რომ ის პროგრამისტი იყო.  მამა იმასაც ამბობდა, რომ  შვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა და ბოლო დროს სახლში განერვიულებული ბრუნდებოდა. ითქვა ისიც, რომ  ერთ-ერთ სამართალდამცველისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ  ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა სახის არ იციან.  შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე  თქვეს მხოლოდ ის, რომ კომპიუტერები ამოღებულია.

თამარ  ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა  ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.   ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ის 16 წლის მწყემსმა “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე იპოვა.  ავტომობილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და ჩანთა, რომელშიც  გარკვეული მედიკამენტები იდო.   ასევე ნაპოვნია საფულე წერილებით, სადაც გარკვეულ ანაბარზეა საუბარი.  ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტისა და სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდება.