გიორგი შაქარაშვილის გახმაურებულ საქმეზე რამდენიმე დღეში პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება (24.07.2020)

რამდენიმე დღეში გიორგი შაქარაშვილის გახმაურებულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება. მცხეთის რაიონული სასამართლო არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის  აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავს. უკვე სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღმა კი  ერთი თვით გადაიწია.

სასამართლო სხდომამდე დამატებით საქმის მასალებს გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულთა ადვოკატები. რეზონანსულ საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს. მთავარი კითხვა რომელიც ბურუსით მოცულ საქმეში არსებობს – ბრალის დამძიმებას ეხება. საგამოძიებო უწყება კვლავ ცდილობს დაადგინოს, ვინ დაედევნა გიორგი შაქარაშვილს საბედისწერო ღამეს არაგვის  ხიდთან, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი დაიკარგა.  იურისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. უფრო ნათელი სურათი კი სწორედ სასამართლო პროცესების განხილვისას შეიქმნება.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და იუბილარი ანა გაბეჩავა  “ფეისბუქის” საშუალებით მიმართვას ავრცელებს და საზოგადოების მხრიდან, მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე წერს.  გაბეჩავა ამბობს, რომ პირველი იყო, ვინც  მომხდარზე 19 ივნისს დაიკითხა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს  აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.  თუმცა  მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა,  სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც  დაემატა.   თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები