გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს (22.07.2020)

5 დღის წინ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. ადვოკატის ინფორმაციით,  ახალგაზრდა გოგონას ცხედარი მწყემსმა მანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში აღმოაჩინა.  ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი  ერთვება. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება.

ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა  ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ოჯახის ინფორმაციით, მას თან მხოლოდ პირადი ნივთები – მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა ჰქონდა. ცხედარი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ძებნა მიმდინარეობდა. თუმცა რატომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე აღმოჩენა უცნობია. თეთრიწყაროს ტყეში, საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობდა. ადგილზე მივიდნენ ოჯახის ახლობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ტერიტორია მანამდეც დათვალიერდა, თუმცა მანქანა  იქ  არ შეუნიშნავთ.  ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტი იყო და ის  კომპანია “ზეგ”-ში მუშაობდა, ასევე შეთავსებული ჰქონდა სხვა სამსახური. თუმცა როგორც ირკვევა, გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე,  მან კომპანია “ზეგი”  განცხადების საფუძველზე დატოვა.  მშობლებისთვის უცნობი იყო, რას საქმიანობდა კონკრეტულად გარდაცვლილი ახალგაზრდა. 23 წლის გოგოს მამა ამბობს, რომ შვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა. მშობელი კუთვნილ კომპიუტერთან დაკავშირებითაც საუბრობს, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. ამბობს, რომ ერთ-ერთ სამართალდამცველისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ  ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა სახის არ იციან.

ოჯახის მსგავსად, თამარ ბაჩალიაშვილის მეზობლებიც და ადგილობრივებიც სამსახურში არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები