ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო (21.07.2020)

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და განმარტა, რომ გახმაურებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მიხეილ კალანდიას ოჯახისთვის.  ამბობენ, რომ გახმაურებული მკვლელობის საქმეში კალანდიას ბრალეულობა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება და მეორე ინსტანციის  განაჩენი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.  მკვლელობაში მსჯავრდებულის ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას  პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნევს კალანდიას უფლებადამცველიც. ზურა თოდუა ვარაუდობს, რომ ამ განაჩენის უკან გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის როლი იკვეთება.

დაცვის მხარის ბრალდებების შინაარსს არ იზიარებს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორი განმარტავს, რომ კალანდიას წინააღმდეგ არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება არსებობს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2017 წლის პირველ დეკემბერს, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლო განაჩენის შემდეგ, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ საქმე ბოლომდე გახსნილი არ იყო,  მასობრივი პროტესტი  დაიწყო. მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობდა, რომ მიხეილ კალანდია საქმის ის ფიგურანტი იყო, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა და გამოძიება, ბიძის – ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამო მფარველობდა. გახმაურებულ საქმეზე კალანდიას ბრალეულობა პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც დაადგინა, თუმცა პროკურატურა მის ბრალეულობას ვერ ხედავდა. კალანდია  მკვლელობიდან წელიწად ნახევრის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს  მიერ განაჩენის  გამოტანის შემდეგ, უწყებამ მტკიცებულებები მოიპოვა, რომელმაც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაამყარა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ  კი რომელშიც ნათქვამია, რომ მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებული გიორგი ჯანაშიას გარდა სხვა პირიც მონაწილეობდა. გამოძიება დაარმუნა, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე, სწორედ მიხეილ კალანდიაა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები