გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გასაგრძელებლად დამატებით ვადას ითხოვს (20.07.2020)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გასაგრძელებლად დამატებით ვადას ითხოვს – 31 დღის  გადავადების თხოვნით საგამოძიებო უწყება  მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.  მოსამართლემ შუამდგომლობა სამი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. ამის  შემდეგ  გაირკვევა, როდის ჩატარდება რეზონანსული საქმის  წინა სასამართლო სხდომა – დაგეგმილ დროს 31 ივლისს, თუ ერთი თვის შემდეგ – 31 აგვისტოს. წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას არ ეთანხმება დაკავებული მორაგბეების ინტერესების დამცველი. ვასილ მამულაშვილი პროკურატურის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ საგმოძიებო უწყება დანაშაულის დამამტკიცებელ მტკიცებულებებს ვერ აგროვებს.

გიორგი შაქარაშვილი მდინარეში გადაგდების დროს მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო – ეს სკანდალური შეფასება უცხოელმა   ექსპერტმა “მთავარი არხის” ეთერში გააჟღერა. უკრაინელი კრიმინალისტი, გალინა კარმოშინა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში ორ დღეზე მეტხანს ვერ იქნებოდა, რადგან არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა. მისი ვარაუდით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  ფეხბურთელი ორი დღის განმავლობაში ცოცხალი იყო.  გალინა კარმოშინა ასევე აცხადებს, რომ ცხედარს გარკვეული მანიპულაციები აღენიშნებოდა, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს.

ბურუსით მოცული საქმის  გამომძიებლებმა სამხარაულის ბიუროს შემთხვევის ადგილზე დამატებითი, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური   ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით უკვე მიმართა. პარალელურად, დაკითხვები განახლდა შინაგან საქმეთა სამინსტროში. გამოძიებას კითხვები აქვს საბედისწერო  დაბადების დღის მონაწილე თითქმის ყველა  პირთან.  უწყება ახალგაზრდების  სოციალური ქსელებით ინტერესდება თუ რა მიმოწერები ჰქონდა მათ ერთმანეთთან 18 ივნისის ღამეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. 

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს  აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.  თუმცა  მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა,  სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც  დაემატა. თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.