„გამოძიებას არ ვუმალავ არაფერს“ – დაკითხვების ახალი სერია და შაქარაშვილის საქმის ბუნდოვანი კითხვები (17.07.2020)

უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც გამოძიებამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობად გადააკვალიფიცირა, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე არ გამოვლენილა. მიუხედავად იმისა, რომ რეზონანსულ საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს, გიორგი შაქრაშვილის გარდაცვალების ნაწილში, დამამძიმებელი მუხლი არცერთი მათგანისთვის არ წაუყენებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფორმაციის მიღებას, მოწმეების ხელახალი დაკითხვით ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს. უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც საბედისწერო ღამეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.  ადვოკატის ინფორმაციით, ამოღებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხა ლუკა ბეჟანიშვილიც, რომელიც საბედისწერო ღამეს ნარეკვავის დასახლებაში გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბეჟანიშვილი აგარაკზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ,  მეგობრებთან ერთად ლისზე წავიდა. ავტომაგისტრალზე დაპირისპირების დროს კი, შაქარაშვილთან ერთად მყოფმა,  ვახო ახვლედიანმა დაურეკა და  დახმარება სთხოვა.  სწორედ ლუკა ბეჟანიშვილმა გაგზავნა არაგვის ხიდზე 3 მანქანა. გამოძიებას კითხვები აქვს ანა გაბეჩავას დაბადების დღის მონაწილე თითქმის ყველა  პირთან.  უწყება ახალგაზრდების  სოციალური ქსელებით ინტერესდება, თუ რა მიმოწერები ჰქონდათ მათ ერთმანეთთან 18 ივნისის ღამეს.

სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს,  ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხული პირების  ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ. უარის შემთხვევაში,  იურისტები სასამართლოს მიმართავენ და გახმაურებული საქმის მოწმეებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ. ადვოკატებს კითხვები აქვთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობართანაც. სწორედ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩამოიყვანეს, გურამ ამირხანაშვილი  არაგვის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილით თბილისში. უფლებადამცველების განცხადებით,  ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ის არასანდო მოწმეა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება. გარდაცვლილის  ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს დაედევნენ, მკაცრად დაისაჯონ. თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში ბრალდებულთა დანაშაული  არც ახალი ჩვენებებით იკვეთება. ვასილ მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ მტკიცებულებების საფუძვლეზე გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს ვერ დაუმძიმებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას მოითხოვს დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი.  ალექსანდრე კობაიძე დარწმუნებულია, რომ ამ ექსპერტიმენტით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულობას დაამტკიცებს და დაადგენს, ჰქონდა თუ არა გაგნიძეს რაიმე სახის შემხებლობა შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებასთან.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს  აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.  თუმცა  მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა,  სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც  დაემატა.   საქმეზე დანიშნულია დამატებითი ექსპერტიზებიც. გარდაცვლილის ოჯახმა საგამოძიებო უწებას დამნაშავეების დასასჯელად 2 კვირიანი ვადა მისცა.