ოკუპანტი ქვეყნის ბრალდება საქართვლოს და აშშ-ს და ოპოზიციის მწვავე შეფასებები თბილისში (16.07.2020)

ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციულ ქმედებებში და პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებს განცხადებით ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ფორმატი, დაიწყოს დიალოგი და წერტილი დაუსვას პროვოკაციულ მოქმედებებს. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადებები ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას.  განცხადებაში საუბარია 11 ივლისს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის 33 წლის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზეც. სამინისტროს მტკიცებით, ნახევრად ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა გახელაძემ ე.წ. საზღვარი გადაკვეთა და რუსი სამხედროების მიმართულებით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო სროლის შედეგად კი ის ფეხში დაიჭრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულმა ჩვენებებში აღიარა, რომ მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია ოფიციალური მოსკოვის წერილს ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს და ოკუპანტი ქვეყნის ქმედებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მათი თქმით რუსეთის საგარეო უწყების განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის დამამცირებელი და ცინიკურია. მიზეზი კი ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე არაფერს აკეთებს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია. მათი თქმით შემაშფოთებელია, როდესაც უკანონო საოკუპაციო ხაზების დამდგენი მხარე, პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც აქამდე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.

33 წლის მამაკაცი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა. სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები მამაკაცი ჯერ ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის უკვე 6 დღეა, ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.