დაკითხვების და გამოკითხვების ახალი სერია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე (15.07.2020)

ახალი მტკიცებულებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში. მე-18 ტომში დართული მასალები ადვოკატებს უკვე გადაეცათ. საუბარია აუდიო, ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებზე. გახდება თუ არა ახალი გარემოებები 17 ბრალდებულიდან რომელიმესთვის ბრალის დამძიმების საფუძველი უცნობია. ადვოკატები ამბობენ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში ბრალდებულთა დანაშაული  არც ახალი ჩვენებებით იკვეთება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს გამოკითხვები განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. საგამოძიებო უწყებაში გახმაურებული საქმის რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიბარეს. მათ შორის  ერთი არასრულწლოვანი. გამოძიებას კითხვები აქვს ანა გაბეჩავას დაბადების დღის მონაწილე თითქმის ყველა  პირთან.

ჯგუფური ძალადობა მიუღებელია – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან საქმეს. გიორგი შაქარაშვილის საქმის  კომენტირებისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჭეშმარიტება პროკურატურამ უნდა დაადგინოს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  პროკურატურისგან საქმის მასალების გაცნობას ელიან სახალხო დამცველის აპარატში. ომბუდსმენი გახმაურებული საქმის შესწავლას იწყებს. გამოძიების შედეგებს ელოდება არასამთავრობო სექტორიც.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს  აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  გიორგი შაქარაშვილის  ოჯახმა საგამოძიებო უწებას დამნაშავეების დასასჯელად 2 კვირიანი ვადა მისცა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები