ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახი სახემწიფოს დახმარებას სთხოვს (13.07.2020)

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. ისინი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. კასპის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 33 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მოქნილი მექანიზმი არ არსებობს, რაც მსგავსი შემთხვევების დადგომის რისკს ზრდის. ომბუცმენი მიმართავს საერთაშორისო ორგანზიაციებს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში ჩაერთონ.

33 წლის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 3 დღის წინ კასპის რაიონის ტერიტორიიდან გაიტაცეს. დატყვევებამდე კი საქართველოს მოქალაქე რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები პირი სავარაუდოდ სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ის ჯერ ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა, რომელმაც გატაცების ადგილი მოინახულა აცხადებს, რომ ზაზა გახელაძეს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს და იგი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ქაცარავას თქმით ოკუპანტებმა უკვე ცეცხლიც გახსნეს, რაც განგაშის საფუძველს იძლევა. ის მომხდარში საქართევლოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიციაც, რომელიც თვლის, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის აუცილებელია სწორი და დროული რეაგირება. მათი თქმით მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფებამ საერთაშორისო დონეზე მკაცრი განცხადებები გააკეთოს და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვოს.

საოკუაპციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების ფაქტს სამწუხაროს უწოდებენ მმართველ გუნდში.

რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და გატაცების ფაქტს გმობს ამერიკის საელჩო საქართველოში. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. საელჩო მოუწოდებს რუსულ მხარეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული საქართველოს მოქალაქე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები