ახალი ფიგურანტი გიორგი შაქარაშვილის საქმეში. ომბუდსმენი საქმის მასალების გაცნობას ითხოვს (13.07.2020)

ახალი ფიგურანტი გიორგი შაქარაშვილის  საქმეში. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, დავით კიპაროიძის ჩვენებას, რომელიც  საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდთან ავტომობილით გადაადგილდებოდა report.ge ასაჯაროვებს. 7 ივლისს, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კიპაროიძე ამბობს, რომ შუაღამისას, ავტომაგისტრალზე ნიახურს კრეფდა.  იხსენებს, რომ  ზუსტად იმ დროს, როდესაც გიორგი შაქარაშვილს მდევრები მისდევდნენ და კონფლიქტი გამწვავებულ ფაზაში იყო, არაგვის ხიდებთან ავტომობილით გაიარა და გზაზე დაყრილი საგნები შეამჩნია.

გახმაურებულ საქმეს ყოველდღიურად  ბევრი კითხვის ნიშანი ემატება.  მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს სხეულზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნება, საგამოძიებო უწყება ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ დრომდე უცნობია, ვის დაუმძიმდება ბრალი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს, ვინ მიაყენა ახალგაზრდა ფეხბურთელს დაზიანებები 18 ივნისის ღამეს არაგვის ხიდთან და როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში.  გარდაცვლილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” მგზავრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ ავტომობილში მყოფი პირები   დაედევნენ  არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს.  ბრალდებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არის კონკრეტული მტკიცებულება, რომ “ტოიოტა ქამრი”-ში მყოფ ექვს პირს შაქარაშვილის მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს  აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  რეზონანსულ საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს. დაკავებულთა უმეტესობა სპორტსმენები არიან. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც დაემატა. გიორგი შაქარაშვილის  ოჯახმა საგამოძიებო უწყებას დამნაშავეების დასასჯელად – 2 კვირიანი ვადა მისცა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები