რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია (10.07.2020)

18 დღიანი მოლოდინის შემდეგ, რეზონანსულ საქმეზე, სამსახარულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსიაა წყალში დახრჩობით.   ამავდროულად დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარს მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული აქვს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, შუბლის, თავის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და ის  დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშუაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

სამხარაულის ექსპერტებთან ერთად, საქმეში ჩართული იყო დამოუკიდებელი ექსპერტი.  ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი დადასტურებულად, ასფიქსიაა.    თუმცა ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ცხედარზე აღმოჩენილ არაერთ დაზიანებებზე, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ბლაგვი საგნით არის მიყენებული.

ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, თუმცა კვლავ ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მდინარე არაგვში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

ვის დაუმძიმდება ბრალი გახმაურებულ საქმეზე ამ დრომდე უცნობია. რეზონანსულ საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს. დაკავებულთა უმეტესობა სპორტსმენები არიან. ამ დრომდე მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდნენ.  ადვოკატებს ტრაგიკული შემთხვევის შესახებ საკუთარი ვერსიები აქვთ, თუმცა წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოებით 11 საათზე აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.  სპორტსენის გაუჩინარებას წინ მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულება უძღოდა. გამოძიების ვერსიით,   აგარაკზე მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს  შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით  ჯგუფური ძალადობა დააორგანიზაა და  მცხეთაში  რამდენიმე ავტომანქანით გაემგზავრა.  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კი ამ  ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და  მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.  ფეხბურთელის კვალი სწორედ აქედან დაიკარგა.   გამოძიების ვერსიით, მაშინ როდესაც, შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით  მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, მისი მეგობარი, გუკა ამირხნაშვილი დანაშაულში მხილებულმა პირებმა იპოვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები