შეიზღუდოს ოლიგარქის არაფორმალური გავლენა საქართველოს მთავრობაზე – აშშ-ის კონგრესის მოთხოვნა (09.07.2020)

შეიზღუდოს ოლიგარქის არაფორმალური გავლენა საქართველოს მთავრობაზე – ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომელiც შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, საქართველოს ფინანსური დახმარებისთვის dააყენoს. წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შეტანილ კანონპროექტში, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ეხება ახალი შესწორებები შევიდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 132 მილიონიანი დახმარებიდან ქვეყანამ შესაძლოა 15% ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას, იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას, ასევე ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  დავით ზალკალიანი შტატების მორიგ გზავნილს ოპოზიციას უკავშირებს და აცხადებს, რომ სწორედ ოპონენტები ცდილობენ, რომ საერთაშორისო კანონპროექტებში დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. საგარეო უწყების ხელმძღავნელის განმარტებით, იყო მცდელობა, რომ საქართველოს შესახებ გარკვეული დებულებები კანონპროექტში შეეტანათ, თუმცა მისი თქმით ეს არ განხორციელდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის არის განკუთვნილი. მათი თქმით კონგრესმენების მიერ მომზადებულ შესწორებებში ნათლად არის მინიშნებული, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენები უნდა შემცირდეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო დასავლეთის  გზავნილებს არ გაიზიარებს, სტრატეგიული პარტიორისგან სანქციებს მიიღებს, რაც იქნება სირცხვილი, არა მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის”, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

ოპოზიციისგან განხვავებით კონგრესში წარდგენილ დოკუმენტში  საგანგაშოს ისევ ვერაფერს ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. “ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბარი ადრეც იყო და მსგავსი პროექტებიც არსებობდა, თუმცა რეალურად არაფერი დადასტურებულა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ახლა მაიკ პომპეოს ანგარიშს ელოდება, სადაც უნდა აღინიშნოს, თუ როგორ ვითარდება საქართველოში დემოკრატიული პროცესები. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს კონგრესი საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუჩერდება თუ არა, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15%.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები