რომელ ქვეყნებთან ხსნის საქართველო საზღვარს და ვის რა პირობით შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა (08.07.2020)

გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი – ევროკავშირის ამ 5 ქვეყანას საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტი კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ისინი ქვეყანაში ჩამოსვლას მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეძლებენ და საზღვრის გადმოკვეთამდე, სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსებაც მოუწევთ. 5 ქვეყნისგან განსხვავებით კი იმ სახელმწიფოების მოქლაქეებს რომლებმაც საქართველო ე.წ მწვანე სიაში შეიყვანეს ან სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაუწესეს, ქვეყანაში შემოსვლა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით შეეძლებათ, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. ასევე 14 დღიანი კარანტინის და სავალდებულო პისიარ ტესტის ჩატარების ვალდებულება ეკისრებათ საქმიანი ვიზიტით საქართველოში შემოსულ სტუმრებსაც.

14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც სამშობლოში ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდებიან. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული ფრენების აღდგენის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერტაშორისო ავიაკომპანიებთან.

იმ შემთხვევაში თუ 5 ქვეყანასთან საზღვრების გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს საზღვრებზე მონიტორინგის დიდი გამოცდილება აქვს და პროცესი სრულად კონტროლირებადია.

სწორი თუმცა დაგვიანებული – ასე აფასებს საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მთავრობის  გადაწყვეტილებას ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს გააფართოვოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ოპოზიციისთვის გაუგებარია რატომ არ ხსნის საქართველო საზღვარს პოლონეთთან სადაც ეპიდსიტუაცია კარგია. ისინი მთავრობას  ასევე მოუწოდებენ გახსნას სახმელეთო საზღვარი ტურქეთთან, სადაც საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ.

საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება გერმანიის საელჩო თბილისში. გავრცელებულ განცხადებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.