არ გვინდა სსრკ-ში ცხოვრება – აქცია მარეგულირებელ კომისიასთან (08.07.2020)

“არ გვინდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება” … “ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის მმართველობას ამყარებს” – ამ ლოზუნგებით დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან სამოქალაქო აქტივსტებმა აქცია გამართეს. მოძრაობა “შეცვალე” “ელექტრონული კომუნიკაციებს შესახებ” კანონში შესატან იმ ცვლილებებს აპროსტესტებს, რომლითაც მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა, კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ხელისუფლების  მიზანი  წინასაარჩევნოდ  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.

ელექტრონული კომუნიკაციებს შესახებ კანონში შესატან  ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებენ მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ამბობენ, რომ ეს არის კონტროლის ახალი მექანიზმის, რომლის მთავარი მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დამორჩილებაა. კანონში დაგეგმილი ცვლილებები არ მოსწონს  არასამთავრობო სექტორს.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დღეს პარლამენტს საკუთარი შენიშვნები წარუდგინა, რომელთაც საკომიტეტო ფორმატში, სავარაუდოდ, 13 ივლისს განიხილავენ.

რეგულაციების ახალ ტალღას აკრიტიკებს ოპოზიციაც.  ფიქრობენ,  რომ ცვლილებები პირდაპირ ტელევიზიებს ეხება და ხელსიუფლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, სწორედ ამიტომ  ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შეჩერაბას ითხოვს.  კრიტიკა მიუღებელია “ქართული ოცნებისთვის”, სადაც ფიქრობენ, რომ ცვლილებების მიღებით მედიაზე ზეწოლა არცერთ შემთხვევაში არ განხორციელდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა, კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. ცვლილება, რომელიც   არჩევნებამდე 3 თვით ადრე იგეგმება, მაუწყებლებს უამრავ კითხვის ნიშანს უჩენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ახალი რედაქცია ტელარხებს პირდაპირ არ მოიაზრებს, პროექტში მაინც გარკვევით წერია, რომ გარკვეული ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონშიც შედის. საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აწერს, აღნიშნულია, რომ სხვადასხვა აუცილებელი მიზეზიდან გამომდინარე დეპუტატებმა ის დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ.