ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში (08.07.2020)

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროში,  ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” გამოკითხვა მიმდინარეობს.  ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც “მთავარმა არხმა” საბედისწერო ღამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაასაჯაროვა. “ტოიოტა ქამრის” და “მერსედესის” შემდეგ, საქმეში მესამე  ავტომანქანა გამოჩნდა. თეთრი  მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს, გახმაურებულ საქმეზე კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.  კადრები მას შემდეგ არის გადაღებული, რაც  გამოძიების ვერსიით, არაგვის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ,  თავისუფლება  აღკვეთილი გურამ ამირხანაშვილი დანაშაულში მხილებულმა პირებმა  თბილისში ჩაიყვანეს.  ვიდეოში ჩანს, რომ “ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურთან გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი “ტოიოტა ქამრიდან” გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე  თეთრი მიკროავტობუსი  მოდის, საიდანაც  ახალგაზრდა კაცი გადმოდის და ამირხანაშვილს უახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციით, კადრებში ფიგურანტი თეთრმაისურიანი მამაკაცი სწორედ ავთანდილ ბილანიშვილი – იგივე კაწროა. თუმცა ოფიციალური განმარტება საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ გაუკეთებია. პროკურატურა დუმს იმაზეც, თუ რატომ არ ფიგურირებს მათ მიერ გავრცელებულ კადრებში თეთრი  მიკროავტობუსი და რაზე ესაუბრებოდა უცნობი პიროვნება საქმის მთავარ მოწმეს 4 წუთის განმავლობაში. პირს, რომელიც მედიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, საკუთარ ჩვენებეში არც გურამ ამირხანაშვილი ახსენებს.

ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ მოპოვებულ კადრებში კი დიდუბეში დაფიქსირებული თეთრი მიკროავტობუსი, სავარაუდოდ მცხეთაში  სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებშიც ჩანს. მცხეთაში, იქ  სადაც გიორგი შაქარაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა,  სავარაუდოდ იგივე მიკროავტობუსი 5 წუთის განმავლობაში ჩერდება.

მიკროავტობუსი, ისევე როგორც  თეთრმაისურიანი ახალგაზრდა მამაკაცი  საქმის მასალებში  არ ფიგურირებენ. ადვოკატების ინფორმაციით,  მედიაში გავრცელებული ახალი კადრები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. თეთრი მიკროავტობუსის შესახებ ინფორმაცია არც “ტოიოტა ქამრში” მყოფი ბრალდებულების   ადვოკატს აქვს. პროკურატურა კი  გამოძიებას მოწმეების ხელახალი გამოკითხვის მითითებას აძლევს.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოებით 11 საათზე აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.  სპორტსენის გაუჩინარებას წინ მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულება უძღოდა. გამოძიების ვერსიით,   აგარაკზე მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს  შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე    ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით  ჯგუფური ძალადობა დააორგანიზაა და  მცხეთაში  რამდენიმე ავტომანქანით გაემგზავრა.  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კი ამ  ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და  მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.  ფეხბურთელის კვალი სწორედ აქედან იკარგება.   19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებები ისევ დაუდგენელია, თუმცა საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს.  საგამოძებო უწყება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩავარდა, თუ ცხედარი მდინარეში გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები