დაუწესა თუ არა აშშ-მ საქართველოს სანქცია – აშშ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს აჩერებს (07.07.2020)

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს აჩერებს. კონგრესმა 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ 132 მილიონიანი დახმარებიდან საქართველო 15%-ს ვერ მიიღებს იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის კომიტეტებს არ მიაწვდის ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დახმარების ნაწილის გაყინვა არ ეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებას. ეხმარება მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს და მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებებიდან ქმედებაზე გადავიდა არ უკვირთ ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არც საქართველოს და არც ამერიკის ინტერესებში არ შედის. ოპოზიცია პარალელს შევარდნაძის პერიოდთან ავლებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ სწორედ შევარდნაძის მმართველობის დროს მიიღო. ოპოზიცია აცხადებს რომ ეს არის პირდაპირი სანქცია, რომელიც ქვეყანას “ქართული ოცნების” ქმედბების გამო დაეკისრა.

საქართველოსთვის დახმარების შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონგრესში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება არ მომხდარა და დოკუმენტი ერთ-ერთ ქვეკომიტეტს წარედგინა, ამიტომ დეპუტატების თქმით კონგრესის პლენარულ სესიამდე მის განხილვას დიდი დრო დასჭირდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაფინანსებას უმცირებს. მსგავსი გადაწყვეტილება ვაშინგტონმა 2003 წლის არჩევნების წინაც მიიღო. მიზეზად კი რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები