როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში – ორ კვირაზე მეტია კითხვა პასუხგაუცემელია (06.07.2020)

უკვე 2 კვირაზე მეტი  გავიდა, რაც გიორგი შაქარაშვილის  ცხედარი მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს, თუმცა მთავარი კითხვა, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი წყალში უცნობია. სანამ ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, საგამოძიებო უწყება არაერთი გარემოების დადგენას ცდილობს. გახმაურებულ საქმეს ბევრი ფიგურანტი ყავს, თუმცა მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები გამოძიების დასრულებას აჭიანურებს. გარდაცვლილი შაქარაშვილის მეგობარმა, გურამ ამირხანაშვილმა რომელიც საქმეში ოქროს მოწმეა, ის ერთ-ერთი არასრულწლოვანი უნდა ამოიცნოს, რომელიც საბედისწერო ღამეს, “ტოიოტას” მარკის ავტომობილში იჯდა.  გამოძიების ვერსიით, მაშინ როდესაც, შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით  მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, მისი მეგობარი, გუკა ამირხნაშვილი დანაშაულში მხილებულმა პირებმა იპოვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.  დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი გამოძიების მიმდინარეობას ეჭვქვეშ აყენებს.

საეჭვოა, საქმის ერთ-ერთი  მოწმის ჩვენებაც. ფოტოგრაფი, რომელმაც მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში  საბედისწერო ღამეს    პოლიცია გამოიძახა მომხდარის დეტალებს იხსენებს. იაკობ ბრეგვაძე ყვება, რომ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე   გვიან მივიდნენ და  ტერიტორიაც ისე დატოვეს, რომ  კონფლიქტის შესახებ დეტალები არ გაურკვევიათ.  იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან გულგრილობა რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით – პასუხი ამ დრომდე  არ არსებობს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლები შემთხვევიდან მხოლოდ ორ კვირაში დაკითხეს.

გახმაურებულ საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს. გამოძიების ვერსიით,  მცხეთაში, აგარაკზე მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს  შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე    ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით  ჯგუფური ძალადობა დააორგანიზაა და  მცხეთაში  რამდენიმე ავტომანქანით გაემგზავრა.  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კი ამ  ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და  მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.  ფეხბურთელის კვალი სწორედ აქედან იკარგება.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოებით 11 საათზე აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.  ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი  დააკავეს, თუმცა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უწყება არ გამორიცხავს,  საქმის კვალიფიკაცია  შეიცვალოს და ბრალდება კიდევ დამძიმდეს.