პანდემიის ფონზე საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა (06.07.2020)

პანდემიის ფონზე საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. პიტერ სიიარტო საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზეც. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნების წარმატებას Covid-19-თან ბრძოლაში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია – Wizz Air-ის წარმატებულ ოპერირებას. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობას და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქება  ეტაპობრივად განხორციელდება, რათა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

მანამდე კი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ქვეყნის მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ჩაკეტილი საზღვრების გახსნასაც, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, როდის შეეძლებათ უნგრეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის ქვეყანაში მიმოსვლა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც ქვეყნების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა იქნება.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები