საქართველოს “რუსული სკოლის ოლიგარქი”, პუტინის მოკავშირე ივანიშვილი მართავს – კონგრესმენი მალინი (02.07.2020)

ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან მორიგი კრიტიკის ადრესატი ხდება. რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ივანიშვილს რუსული სკოლის ოლიგარქად და პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებს. “ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დადგეს საქართველოს გვერდით მისი თავისუფლებისთვის ბრძოლაში” – ამ სათაურის სტატიაში, რომელიც გამოცემა “The Hill”-შია გამოქვეყნებული, კონგრესმენი წერს, რომ   ივანიშვილს მხოლოდ ხელისუფლების კონტროლი კი არ სურს, არამედ პუტინის მოკავშირე ენერგიულად მუშაობს იმაზეც, რომ ქვეყანაში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესი საქართელოდან განდევნოს. ამ კონტექსტში მარკუეინ მალინი Frontera Resources-ზე, Iconia Capital-ზე, Georgia Manganese-ზე და Philip Morris-ზე საუბრობს.  კონგრესმენი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს დემოკრატია სურს და ამ ძალისხმევის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის.

ამერიკელი კონგრესმენის მორიგი მწვავე გზავნილის შემდეგ ოპოზიცია ივანიშვილის და მისი გუნდისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. მათი თქმით “ქართულ ცონებას” ლობისტები ვერ უშველია და დასავლეთიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ოპოზიციისგან განსხვავებით კი მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას აცდენილია. “ქართული ოცნების” წევრების შეფასებით მარკუეინ მალინის განცხადებები აბსურდულია, ვინაიდან მათი თქმით პუტინის მოკავშირე ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა.

კონგრესმენის საავტორო სტატიაში 8 მარტის შეთანხმებაზეც არის საუბარი.  მალინი საარჩევნო რეფორმისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები