117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე დამტკიცდა

117 მომხრე და 3 წინააღმდეგი – საკანონმდებლო ორგანომ საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. ისტორიულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში შეკრებილი კანონმდებლები ტაშით შეხვდნენ. მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დღეს იმ დეპუტატებმაც იზეიმეს, რომელთა გამოც ნოემბერში საარჩევნო სისტემის ცვლილება ჩავარდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მეორე მოსმენის მსგავსად დღესაც არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც გიორგი რურუას გათავისუფლებამდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება.  ამ გადაწყვეტილების გამო ოპოზიციამ მმართველი გუნდისგან  მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. “ქართული ოცნების” წევრებმა მათ დამარცხებული მხარე უწოდეს და 8 მარტის შეთანხმების დარღვევაშიც დაადანაშაულეს.

ოპოზიციის შეფასებით კი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება არა “ქართული ოცნების” სურვილი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით 8 მარტის შეთანხმება მმართველმა გუნდმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, ვინაიდან გიორგი რურუა ისევ საპატიმროში რჩება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. მათი თქმით პარლამენტის გადაწყვეტილება საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების ერთობის და 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილე ელჩების დამსახურებაა.

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული დეპუტატები კი თვლიან, რომ, რომ არა მათი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებები ისევ ჩავარდებოდა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს მიღებული გადაწყვეტიელბის თანახმად  მომავალი მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი შევა. საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ამ ცვლილებით პარლამენტი უფრო მრავალპარტიული იქნება.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები