კალაძე ფეიკნიუსებთან ბრძოლას იწყებს და ოპონენტებს სახეში სიმართლის მუშტს ჰპირდება

ტელევიზიების სისხლში გახვეული ლოგოები და ფეიკნიუსთან გამოცხადებული ბრძოლა – სწორედ ამ ბანერით იწყებს თბილისის მერი კახა კალაძე მის ახალ პროექტს, რომლის მიზანიც სატელევიზიო სივრცეში ყალბი ახალი ამბების გამოვლენა და მისი საჯაროდ მხილებაა. კალაძის მიერ მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ეს ბანერი სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანია, თუმცა კრიტიკოსების საპასუხოდ კალაძემ არაეთიკური პოსტი წაშალის ნაცვლად, დაარეკლამა. როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან განმარტა “მთავარ არხს”, “ტელეკომპანია პირველს”, “ფორმულას” და მის მთავარ ოპონენტებს –  მალე სიმართლის მუშტი მოხვდებათ.

თბილისის მერის ახალი  პროექტი გააკრიტიკა ოპოზიციამ.  ამბობენ რომ კალაძის მიერ ოპოზიციური ტელეარხების სიცრუეში მხილების  მცდელობის უკან,  მედიაზე იერიშის მორიგი სურვილი იმალება. კალაძის ახალ ინიციატივას სერიოზულად არ უყურებენ არც მისი ყოფილი თანაგუნდელები. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ფეიკნიუსის მხილების ნაცვლად უმჯობესი იქნება მერმა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე ისაუბროს და ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

თბილისის მერის კამპანია კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ჰგონია სახალხო დამცველასაც. ნინო ლომჯარიას აზრით, კახა კალაძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ბანერი ამ ტელეკომპანიების მიმართ შავი პიარის აგორებასა და უარყოფითი საზოგადორბირივი აზრის შექმნას ემსახურება.

კრიტიკას არ იზიარებს  “ქართული ოცნება”. კახი კალაძის თანაგუნდელებმა ბანერზე დღეს ვერც სისხლში გახვეული ტელევიზიების  ლოგოები დაინახეს. უმრავლესობის წევრების თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მასშტაბები გაიზარდა, კახა კალაძეს კი ცრუ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლება აქვს.

“ქართული ოცნების”  ლიდერის მიერ არჩევნებამდე 4 თვით ადრე დაანონსებული ახალი წამოწყება ბევრ კითხვის ნიშნებს უჩენს მესამე სექტორს. მედიის თემაზე მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ კალაძის ფეისბუქ ლაივებით, “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, მიზანი კი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების კრიტიკაა.

კახი კალაძის მიერ დღეს წამოწყებულმა  პიარ კამპანიამ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების ნაწილს  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაახსენა, როცა  ქუჩებში  სააკაშვილის რეჟიმის ამსახველი ბანერები  გაჩნდა.  ფიქრობენ, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან მსგავსი  ქმედებები  გახშირდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები