დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ამხელა პოლიტიკოსი კაცი? – ბოკერია-ელისაშვილის დაპირისპირება

ალეკო ელისაშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც “სამოქლაქო მოძრაობის” ლიდერი პოლიტიკურ ვაჭრობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ელისაშილს ორ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენება სურდა, მათ შორის მთაწმინდის ოლქში ლევან იოსელიანის წარდგენას ითხოვდა, თუმცა უარის მიღების შემდეგ ის ოპოზიციას გაემიჯნა. “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას და მის გუნდს არ აინტერესებთ ბოკერიას და მისნაირი “ცეხავიკების” დალაგებული საქმეები და გარიგებები.

“ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა – კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი.” – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ევროპული საქართველოს ლიდერი კი ალეკო ელისაშილს უსინდისოს უწოდებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვდა მთაწმინდაზე კანდიდატად სწორედ იოსელიანი დაეყენებინათ, რომელსაც შალვა შავგულიძეზე 5-ჯერ ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.  გიგა ბოკერია ამბობს, რომ ელისაშვილი მისი ქმედებებით ბიძინა ივანიშვილს ეხმარება.