აინტერესებდათ, ვისი ინიციატივით მომზადდა სიუჟეტი – ნოდარ მელაძე სუს-ში დაკითხეს

გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ტელეკომპანია პირველის” გენერალური პროდიუსერი გამოიკითხა. საგამოძიებო უწყება ნოდარ მელაძისგან მის საავტორო გადაცემაში მომზადებული სიუჟეტით დაინტერესდა. რეპორტაჟში  საუბარი იყო  ვერსიაზე, რომ ის, ვინც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს დაკავებული, სულაც არ არის ვასამბეკ ბოკოვი და უბრალოდ, სხვისი  სახელითა და გვარით სარგებლობს.  მელაძის ინფორმაციით, სუს-ს აინტერესებდა ვისი ინიციატივით მოხდა ამ თემაზე სიუჟეტის მომზადება და რა დოკუმენტები არის მათ ხელში.  თუმცა ჟურნალისტი  არ აპირებს, გაასაჯაროვოს ინფორმაციის წყაროს ვინაობა, რადგან მას კანონით აქვს ჟურნალისტური საქმიანობის დროს მოპოვებული მასალების წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის უფლება.