115 ხმით 3-ის წინააღმდეგ. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც დაამტკიცა

115 ხმით 3-ის წინააღმდეგ. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც დაამტკიცა. ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია და კახაბერ ოქრიაშვილი იმ დეპუტატების რიგებში არიან, რომლებმაც კანონპროექტს წითელი ღილაკით უპასუხეს.  ნატო ჩხეიძემ კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ბოიკოტის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია “ნაციონალურ მოძრაობას”. მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდნენ არც  “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.  კენჭისყრამდე, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საკონსტიტუციო ცვლილებების  მხარდასაჭერად გარკვეული დრო მისცა და გადაწყვეტილების შეცვლა ურჩია, თუმცა ოპოზიციამ მოწოდება არ გაიზიარა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კენჭისყრაში არ მონაწილეობის გამო  პარლამენტის დარბაზში კრიტიკის მთავარი ადრესატები იყვნენ. “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც გააკრიტიკეს. “ქართული ოცნების” ლიდერებმა ყოფილი თანაგუნდელებისგან რჩევაც კი მიიღეს, რომ არ დაუშვან ძველი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში დაბრუნება.

ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას   ბოიკოტი გამოუცხადეს,  პოლიტიკური  წითელი ხაზი აღმოჩნდა დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის. მათი   შეფასებით, პოლიტიკურმა ძალებმა 8 მარტის შეთანხმება დაარღვიეს. “ქართული ოცნებიდან” დემარშით წასულმა დეპუტატებმა დღეს ყოფილი თანაგუნდელებიც გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა.  დამოუკიდებელი დეპუტატები თვლიან, რომ  თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს საფრთხე ემუქრება.

ოპოზიციის მთავარი არგუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში არ მონაწილეობის შესახებ სწორედ 8  მარტის შეთანხმებაა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მმართველმა გუნდა პოლიტიკურ პატიმარ გიორგი რურუას ციხის საკანი  უნდა გაუღოს. სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდებიან “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ დღის წესრიგს.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 21 ივნისს დაუჭირა. დღეს კი კანონპროექტმა მეორე მოსმენით მხარდაჭერაც მოიპოვა. ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით- 120/30-ზე პროპორციით და  1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის  კენჭისყრა პარლამენტში  მომდევნო კვირას გაიმართება.