საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსი კიდევ 7-მა ადამიანმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსი კიდევ 7-მა ადამინმა დაამარცხა. დაფიქსირდა ახალი კლასტერიც. კორონავირუსი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 63 წლის ქალს აღმოაჩნდა. ის „დიდუბის“ მეტროს მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. ამ დროისთვის უცნობია მისი ინფიცირების წყარო. ამ ეტაპზე ეპიდემიოპლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ, ხოლო ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი კარანტინში არიან გადაყვანილნი. მან თელავის საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურითა და ორმხრივი პნევმონიით თვითდინებით მიმართა. თელავიდან ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქვეყანაში კი ამ დროისთვის კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 129 არის, ხოლო კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 911-ს შეადგენს. გასულ დღე-ღამეში დაფიქსირებული 3 ახალი შემთხვევიდან 1-ის წყაროს დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს, ხოლო 2 საკარანტინე სივრციდანაა. ისინი სტუდენტები არიან, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ. ორი ახალი პაციენტი  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკაში  სულ  24 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კოვიდ დიაგნოზიანი შვიდი პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთს პირველი ტესტით კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო მეორე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებს. კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს რუხის კლინიკაში, მათ რამდენიმე დღეში შუალედური რეტესტირება ჩაუტარდებათ. 73-მდე გაიზარდა ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 768 ადამიანმა დაამარცხა. ბოლო მონაცმებით კარანტინის რეჟიმში რჩება  2601 პირი, ხოლო ექიმები 259 პაციენტს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველოში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები