ერთი წელი 20 ივნისის მოვლენებიდან და კრიტიკული ანგარიში ხელისუფლების წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ  მომზადებულ ანგარიშში საუბრობს, რომ  გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე სისტემური ანალიზი არ გაუკეთებია. არასამთავრობო სექტორის შეფასებით,  სისხლიანი ღამიდან ერთი წლის თავზე ჯერ ისევ დაუსჯელია აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირთა წრე. ასევე ბუნდოვანია სამართალდამცველების მხრიდან გადამეტებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების დეტალები.  მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დემონსტრანტების მიმართ მასშტაბური ძალის გამოყენების მიუხედავად,  სახელმწიფომ სრული პასუხიმგებლობა მოქალაქეებს დააკისრა.

ორგანიზაციის შეფასებით, დღემდე არ არიან დაზარალებილად ცნობილები ის პირები, ვინც სისხლიან ღამეს დაზიანებები მიიღო.   სულხან სალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პროკურატურას, რომ დააჩქაროს დაზარალებულებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პროცესი.

20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები ისევ პარლამენტის შენობასთან შეკრებას გეგმავენ და მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრს იგივე შეცდომა აღარ დაუშვას. სამოქალაქო აქტივისტები ხვალ  კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ე.წ გავრილოვის ღამის მოვლენებს და   მოითხოვენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარეს. თვლიან, რომ 20 ივნისის მოვლენების გახსენების ხელისუფლებას ეშინია, რაზეც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვაც მიუთითებს. სწორედ ამიტომ “სირცხვილიას” აქტივისტებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვის თხოვნით თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

აქციაზე მისვლას გეგმავენ ოპოზიციონერი ლიდერებიც. ამბობენ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მძიმე მოვლენებს გაიხსენებენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ “ქართული ოცნების” დანაშაულებრივ ქმედებებს.

2019 წლის 20 ივნისს პროტესტი  რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ და საკანონმდებლო ორგანოში ტრიბუნის დაკავებამ გამოიწვია. რუსმა დეპუტატმა,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის  გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა.  ფაქტს მასშტაბური საპროტესტო აქცია მოყვა.   აქციის დასაშლელად სახელმწიფომ  რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და სპეცრაზმი გამოიყენა.    ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი გადაიყვანეს, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა.