გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის საქმეზე ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიკითხნენ, რომლებთან ერთადაც გიორგი რურუა საპროტესტო აქციაზე დაკავებამდე იმყოფებოდა, მათ შორის არიან, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გოკა გაბაშვილი. მათ ჩვენების მიცემისას 17-18 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს და განაცხადეს, რომ ისინი აქციებზე გიორგი რურუასთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა არანაირი იარაღი მისთვის არ შეუნიშნავთ. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური ნიშნით იდევნება და მისთვის წაყენებული ბრალიც პოლიტიკურად მოტივირებულია.

ადვოკატის თქმით მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ გიორგი რურუას აქციაზე დაკავების დროს იარაღი არ ჰქონია. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ აბსურდულია გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებულიყო იქ სადაც უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა და სადაც მომიტინგეებს ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. პროკურორი კი აცხადებს, რომ დღეს დაკითხული მოწმეთა ჩვენებები არაფრის მომცემია.

მთავარი არხის წილის მფლობელი გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები