“გამოძიებასთან კითხვა ძალიან ბევრია” – გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე  რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას  რუსეთის მოქალაქის   დაკავება, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში  განხორციელდა.

საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებებს, თუმცა მთავარი არხის ინფორმაციით, დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მკვლელობას  რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდა.

სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე საქართველოში ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებისთვის შურისძიების მიზნით ჩამოვიდა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის წერილი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა.   როგორც თავად გიორგი გაბუნია ამბობს, კადიროვის მუქარის წერილის შემდეგ გაფრთხილება პირადადაც მიიღო.

გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე განცხადება მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა გააჟღერა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ თვეების წინ, უკრაინული სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაციით იცოდნენ, რომ კადიროვის დავალებით გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა.  ჟურნალისტს  კი თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

ვასამბეგ ბოკოვი საქართველოში 4 თვის განმავლობაში ყალბი სახელით ცხოვრობდა.  ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი სწორედ  ყალბი დოკუმენტების დამზადება, შენახვა გამოყენების მუხლით წაუყენეს. გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, უფლებადამცველი ბრალდებულის პოზიციაზე ვერ საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმე თავიდან აცილებულია, ოპოზიცია შეფასებებში კრიტიკულია.  ამბობენ, რომ  ქვეყნის საზღვარი დაუცველია. ოპოზიცია ფიქრობს, რომ აუცილებელია საქმის დეტალები უფრო ნათელი იყოს.

ჟურნალისტის შესაძლო   ლიკვიდაციისგან თავის აცილების გამო მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის.  ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სამწუხაროა და დეტალებს გამოძიება დაადგენს.

გამოძიების პასუხს ელოება მთავარი არხიც. ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე ყველა დეტალი გასაჯაროვდეს. შესაბამისი უწყების ინფორმაციით,  ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა. თუმცა დაიკითხება თუ არა სახელმწიფო უსართხოების სამსახურში თავად გიორგი გაბუნია ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები