რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის – გიორგი რურუა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლო სხდომაზე კრიტიკული შესავალი სიტყვით წარსდგა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დაკავებული რურუა მის მიმართ მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს და წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს.

გიორგი რურუამ დღეს სასამართლო დარბაზში მისი დაკავების დღე და წინა სხდომა გაიხსენა, სადაც მის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავები დაკითხეს. “მთავარი არხის” მეწილე  პოლიციის თანამშრომლებს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. რურუა მოსამართლეს მიმართავს, დაცვის მხარეს მისი უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება მისცეს.

შესავალი სიტყვის შემდეგ სასამართლო სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ჩვენება მოსამართლის წინაშე ევროპული საქართველოს დეპუტატებმა მისცეს. ამბობენ, რომ გიორგი რურუა ანტისაოკუპაციო აქციიდან წასვლის შემდგომ დააკავეს და ბორკილებიც სწორედ ამ მოტივით დაადეს. ოპოზიციის შეფასებით, რურუას საქმე სამართლებრივ მტკიცებულებებს არ ემყარება.

სწორედ 20 ივნისის მოვლენებს უკავშირებენ გიორგი რურუას საპყრობილეში ყოფნას სამოქალაქო აქტივისტები. მათ სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში  ამერიკელი კონკგრესმენების და უცხოელი პარტნიორების წერილები მიიტანეს, სადაც ისინი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს.  ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია  მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ოპოზიციურ ტელეკომპანიას  უკავშირდება. რურუას  პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს ოპოზიციაც. ამბობენ, რომ  დიპლომატიურ კორპუსთან 8 მარტს აღებული ვალდებულებით  მმართველმა გუნდა  ციხის საკანი  გიორგი რურუასთვისაც  უნდა გააღოს.