კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 879 გახდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 879 გახდა. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება, 2 მედპერსონალია, 10 კი საკარანტინო სივრციდან  და იმპორტირებული შემთხვევებია. კიდევ 2 ინფიცირებულის წყარო კი უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ახალი ინფიცირებულებიდან 4 ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. კლინიკაში ამ დროისთვის სულ 40 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის 4 კასპში ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრია. რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. რის შემდეგაც მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციის რეჟიმში გადაიყვანეს. გუშინ სოფელ მეტეხში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები. ჩატარებული კვლევების შედეგად კი კოვიდ -19, 4 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულებს შორის 2 არასრულწლოვანია. ბოლო 4 დღეში შიდა ქართლში კოვიდ ინფექციის უკვე 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღავნელი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამირან განყრელიძე ამბობს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ისინი ეკონომიკის გახსნასთან ერთად შემთხვევების მატებას ელოდნენ.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. კოვიდინფექცია დღეს კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა, რითიც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 704-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 პირი რჩება. საქართევლოში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები