როგორ ამუშავდება ტურიზმი საქართველოში – ინდუსტრიის გახსნის 3 ეტაპი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამ ეტაპს ასახელებს. თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე ინდუსტრია მოემზადება, მეორე ეტაპზე ადგილობრივი ტურიზმი აღდგება, მესამეზე კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

პირველ ეტაპზე ესაა , რასაკვირველია , ტურისტული ინდუსტრიის დახმარება, რომ დავნერგოთ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული უსაფრთხო სტანდარტები. იგივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და აეროპორტებში, განთავსების და კვების ობიექტებში, გიდებთან. ვმუშაობთ ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, ეს იქნება პირველი დერეფნები, რომლის შიგნითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ. ჩვენი მთელი მარკეტინგული სტრატეგია გადაეწყობა ახალი იმიჯის გასამყარებლად, საქართველო როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

მეორე ეტაპი – 15 ივნისს საქართველო გაიხსნება ჩვენი ბაზრის შიდა ტურიზმისთვის. ამ დროისთვის უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს ესტუმროს სასტუმროებს.

მესამე ეტაპი – პირველი ივლისი, როდესაც მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს. ეს ყველაფერი მოხდება ,პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრიორიტეტის დაცვით და ამ ეტაპისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება“, – განაცხადა თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

გახარიას თქმით, საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა. აღნიშული ზონებად განსაკუთრებით ის კურორტები ჩაითვლება, რომელსაც ტრადიციულად სუნთქვის პრობლებისთვის მიმართავდნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისთვის, ხოლო საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.