არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს – თურნავა საპატრიარქოს დაფინანსებაზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვების დასმის საფუძველი არ არის, რადგან ეს გამჭვირვალედ ხდება.

“ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ამ ტრანზაქციას და დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე, სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით. აქედან გამომდინარე არამგონია აქ რამე კითხვის დასმის საფუძველი იყოს”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

TDI-ს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო.

მათივე ცნობით,  გარდა ბიუჯეტური დაფინანსებისა, თვითმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 მლნ ლარის “მატერიალურ სიკეთეს” გადასცემენ.

ცნობისთვის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ 25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა და ისინი ,,ვალებში იხრჩობიან”. 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები